თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
საპატრიარქოს ცნობით, წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. მცხეთის მიმართულებით უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავა.
საპატრიარქო მოსახლეობას მოწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.