COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანდაცვის სამინისტრო: კახეთში კორონავირუსის აფეთქების მიზეზი შესაძლოა რთველი იყოს

მხოლოდ გასულ დღე-ღამეში კახეთში ინფიცირების 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება შესაძლოა რთველს უკავშირდებოდეს, მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას.
რთველის პერიოდამდე, რომელიც ძირითადად სექტემბრის დასაწყისში იწყება, კახეთში ფიქსირდებოდა 200-300 ახალი შემთხვევა დღეში, ახლა ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რატომ უმცირდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
„ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის ზრდა არ ფიქსირდება. გაბუნია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ვაქცინაციის ეფექტია, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და ნაკლებად გამოხატული სიმპტომები აქვთ.
„ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე დასავლეთ საქართველოში. მაგალითად, იმერეთში ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1028 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 444. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში 4.837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.