თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე მეორედ გაიმარჯვა და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა.
29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს დაუპირისპირდა და გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა - 4:6, 7:6, 6:2.
ესპანელი ჩოგბურთელი პირველ სეტში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგზეც აისახა. რამოს-ვინოლასმა ბრეიკის უპირატესობა გამოიყენა და შეხვედრაში დაწინაურდა. მეორე სეტი გაცილებით დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:2-ს იგებდა, თუმცა ალბერტმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და წინ გავიდა (5:6). მიუხედავად ესპანელის უპირატესობისა, ბასილაშვილმა კიდევ ერთი ბრეიკის შესრულება მოახერხა და სეტი ტაი-ბრეიკში გადაიყვანა, სადაც დიდი უპირატესობით იმარჯვა (7:2). მესამე, გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასის პირველივე ჩაწოდება მოიგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:2).
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მასტერსის პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კრისტოფერ ეუბენქსი დაამარცხა (6:4, 6:3).
ინდიან ველსის მასტერსის მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 24-ე განთესვის მქონე რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელმაც ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას ბარიერი იოლად დაძლია (6:0, 6:4).