საქართველოში ახალი გზების მშენებლობის მხრივ რეკორდის დამყარება იგეგმება

ბიუჯეტის პროექტში გზების მშენებლობისა და რემონტისთვის 1,9 მილიარდი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. 2022 წელი რეკორდული იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ახალი მშენებლობებისა და მასშტაბური პროექტების დასრულების კუთხით. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სამინისტროს დაფინანსება 2,8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 387,3 მილიონით მეტია. ამასთან, 1,3 მლრდ – ესაა კრედიტი სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე.

„2022 წელი, პრინციპში, რეკორდული იქნება ყველა წინა წელთან შედარებით. ეს არის წელი, როცა მრავალი რეკორდული მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი ან დასრულების ფაზაში, ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახულია ბიუჯეტში“, – განუცხადა ქარსელაძემ ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, საუბარია წყალმომარაგებაზე, მუნიციპალურ მშენებლობაზე, სკოლებზე, ბაღებზე და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.
სამინისტროს პროექტები
ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ გზების მშენებლობისა და რემონტისთვის 1,9 მილიარდი ლარი გამოიყოფა. ამ თანხის დიდი ნაწილი აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის მშენებლობასა და რემონტს მოხმარდება.
საქართველოს პრემიერმა ახალი გვირაბის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა
თანხა ასევე დაიხარჯება ბათუმის შემოვლით გზაზე, ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობის გაგრძელებაზე, სხვა დიდ პროექტებზე.
გარდა ამისა, 463,8 მლნ ლარი მოხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქალაქების საინვესტიციო პროგრამას და ურბანისტულ განვითარებას. ეს პროექტები ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც ხორციელდება ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვეტიციო ბანკი და სხვ.
კიდევ 379,9 მლნ ლარი დაიხარჯება ქვეყნის ქალაქებს და სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რემონტსა და აღდგენაზე. ეს პროექტებიც ასევე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.