არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

ეკონომიკის მინისტრმა კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილა.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს ნათია თურნავამ დღეს უმასპინძლა.
„ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვამუშავებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მწვანე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა.
კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.