ხმალაძე: თბილისში ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება

არაოფიციალური მონაცემებით, თბილისში 512 „ხრუშჩოვკაა“, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ავარიული შენობის გამაგრება – ეს არის დროებითი გადაწყვეტა, თბილისის მერიამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ავარიულ კორპუსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა, ამჟამად კი 62 შენობის გამაგრება მიმდინარეობს.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველი ხდება ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.
მისი განცხადებით, თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია ე.წ. ხრუშჩოვკებით.
ნინო ლომჯარია უკანონო მშენებლობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიაციატივით გამოვიდა
„ავარიული შენობები ამ ხარისხს იძენს ან ვადის გასვლის გამო, ან ავარიული მიშენებების გამო – ეს მავნე პრაქტიკა უკვე ათეული წლებია ქვეყანაში გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4-5 სართულიანი ე.წ. ხრუშჩოვკები. მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა, ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
ხმალაძის მტკიცებით, მერია დროულად ატარებს ექსპერტიზას, აფრთხილებს მოსახლეობას და სარეაბილიტაციო–გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს.
ავარიული „ხრუშჩოვკების“ თანამედროვე სახლებით ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში, თავისი პირველი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააცნო. კალაძის განცხადებით, ზოგიერთ სახლს ავარიულობის ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
კალაძის ინიციატივა: რამდენი დაუჯდება თბილისის მერიას „ხუშჩოვკების“ შეცვლა?>>
ძველი ხუთსართულიანი სახლების დანგრევის საჭიროება იმიტომ დგას, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა. 1960-იან წლებში აშენებული სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წლით განისაზღვრებოდა.