თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრები რუსული კულტურის – თეატრის, ლიტერატურის, ასევე მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებთან. შეხვედრები 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისში გაიმართება.
ქართულ-რუსული კულტურული კავშირების გააქტიურებისკენ მიმართული ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ (Русский клуб) ფონდ Русский мир-ის მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო.
ორი თვის განმავლობაში თბილისის საზოგადოების წინაშე გამოვლენ თეატრისა და კინოს მსახიობი, პედაგოგი ოლეგ პალმოვი (სანქტ-პეტერბურგი), რეჟისორი, თეატრის მკვლევარი, რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სერგეი ჩერკასკი (სანქტ-პეტერბურგი), პოეტი, დრამატურგი, კინოსცენარისტი ელენა ისაევა (მოსკოვი), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ა. სოლჟენიცინის სახელობის რუსეთის საზღვარგარეთ არსებული კვლევითი ცენტრის კულტურის დეპარტამენტის უფროსი ტატიანა მარჩენკო (მოსკოვი).
შემოქმედებითი შეხვედრების პროგრამაშია:
მონოსპექტაკლი „მიყვარდით... მიყვარხართ!“ და ოლეგ პალმოვის მასტერ-კლასი;
სერგეი ჩერკასკის ლექციები თემაზე „სტანისლავსკის სისტემის მსოფლიო განვითარება: 100 წელი“ და მასტერ-კლასი „სტანისლავსკის სისტემა და სტრასბერგის მეთოდი: პირველი პრაქტიკული ნაბიჯები“;
ელენა ისაევას ლექციები „თანამედროვე რუსული დრამატურგია“;
ტატიანა მარჩენკოს ლექციები „ბუნინი დოსტოევსკისებრად: პოეტიკა და ცხოვრება“. ეძღვნება დოსტოევსკის 200 და ბუნინის 150 წლისთავს.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებების მიზნობრივი აუდიტორია თბილისის კულტურის წარმომადგენლები იქნებიან – მსახიობები, რეჟისორები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტები.