„რესპუბლიკური პარტია“ 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება

ოპოზიციური პარტიები სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია მხოლოდ შიდა პარტიულ ინტერესებს უკავშირდება.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 14 ოქტომბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას „რესპუბლიკური პარტია“ არ შეუერთდება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
14 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ მის მხარდამჭერებს, „რესპუბლიკური პარტია” კი 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ფეხები შეუშუპდა და უჭირს გადაადგილება" – ადვოკატი სააკაშვილის შესახებ
პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მასშტაბური აქციების მოწყობა მიზანშეწონილი არ არის და იმისათვის, რომ ქვეყანაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს, ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უნდა დაელოდონ.
მანამდე „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა, ამასთან საკუთარი პარტიის მომხრეებს მოუწოდა, არ გაბრაზდნენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
დაანონსებულ აქციას არ უერთდებიან პოლიტიკური პარტიები „ევროპული საქართველო“ „ლელო“, „მოქალაქეები“ და „გირჩი“.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის თქმით, მათი პარტია მხოლოდ ისეთ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, რომლის განვითარებასა და მოქმედებებზე პასუხისმგებლები თავად იქნებიან. თავის მხრივ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ამბობენ, რომ ისინი „ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ არც ერთ საპროტესტო აქციას არ შეუერთდებიან. რაც შეეხება „გირჩს“, ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმები მათთვის სრულიად გაუგებარია, ხოლო „ლელომ“ აქციაში მონაწილეობაზე უარი შიდა კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
რატომ ზის სააკაშვილი სამარტოო საკანში?
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს". პარლამენტის დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, 14 ოქტომბერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის შეკრებაზე მიიღებენ.