მცხეთა ბათუმის გვერდით: მცხეთობა–სვეტიცხოვლობის საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება

საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.
8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
მცხეთის მერმა მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ყოველი წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველო მცხეთობა–სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ზემოთ აღნიშნული ტრაგედიის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა–სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო“, – აღნიშნულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა „თბილისობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებაც, რომელიც სატელევიზიო ფორმატით უნდა ჩატარებულიყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ჩასარებლად გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
თბილისი დგას ბათუმის გვერდით: კალაძე თბილისობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შფარდებული.