თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემენ. ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახები შესაბამის კომპენსაციასაც მიიღებენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ის გუშინ შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ მივიდა, ასევე ბათუმის საკათედრო ტაძარში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება დაზარალებულების დახმარების საკითხში აჭარის მთავრობას გვერდში დაუდგება.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა და სასამართლომაც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.