COVID-19 - ბოლო ცნობები

სკოლებსა და ბაღებში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა, იუწყება Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, თბილისში მოქმედი საჯარო ბაღები კოვიდ-რეგულაციების დაცვით მუშაობენ. ამიტომაც, პროტოკოლის თანახმად, ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი საბავშვო ბაღი 12-დღიან კარანტინში, კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლაციაში გადადიან.
თბილისში 180 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ბოკერიას კლინიკაში სამი კოვიდ-ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
კორონავირუსის გავრცელება შეიმჩნევა თბილისის სკოლებშიც. დღეისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.
თუ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუმჯობესდება, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ ახალი შეზღუდვების შემოღებას. მაგალითად, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების ახალი, მეხუთე ტალღის დასაწყისია.

„ეს ინფიცირების შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდაა. ჩვენი პროგნოზებით, ასეთ ზრდას ნოემბერ-დეკემბერში მეხუთე ტალღის პერიოდში ველოდებოდით, რადგანაც ვვარაუდობდით, რომ ცივი ამინდები ხელს შეუწყობდა რესპირატორული დაავადებების გააქტიურებას, თუმცა შემთხვევების ზრდა უფრო ადრე დაიწყო", – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველომ ზაფხულში კორონავირუსის ყველაზე მძიმე, მეოთხე ტალღა გადაიტანა. დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აღწევდა.
სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა მეხუთე ტალღა არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც მეოთხე.
ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 635 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 602 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 9.269 პირი.