თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაზარალებულ ოჯახებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
მთავრობის მეთაურმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლებაც გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და, ამასთანავე, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობების გამკაცრება იგეგმება.
„ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იყოს დაშვებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება გუშინ წარუდგინა, სასამართლომ დღეს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.