COVID-19 - ბოლო ცნობები

რატომ უმცირდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

დაფინანსების შემცირება გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების დონის შემსუბუქებისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ჯანდაცვის საჭიროებებზე ასიგნირება 276,6 მლნ ლარით მცირდება 1,73 მილიარდ ლარამდე, ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას აზრით, დაფინანსების შემცირება გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების დონის შემსუბუქებისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით.

„წელს გვაქვს ინტენსიური ვაქცინაცია, მომავალ წელს პანდემიის სიმძიმე უნდა შემცირდეს. ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შემცირდება... დიდი დატვირთვის მოლოდინი რადგან არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ბიუჯეტურ პარამეტრებზეც აისახა“, – განუცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებს.

2021 წელს კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიის მართვაზე მიმართული ბიუჯეტი 810 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, ბიუჯეტის ეს ნაწილი 310 მლნ ლარით არის შემცირებული და მომავალ წელს 500 მლნ ლარი იქნება.
ვაქცინების დამატებითი დოზების შესაძენად ძირითადი სახსრების მობილიზაცია მოხდება აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პროექტების ფარგლებში.
პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა სამინისტროს 18 ოქტომბერს დაუბრუნებს
2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამჟამად საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ. 18 ოქტომბერს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს ყველა შენიშვნას და პროექტს დასამუშავებლად ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნის.
კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატები კიდევ ერთხელ შეძლებენ პროექტის გადახედვას და თავიანთი შენიშვნების გამოთქმას, წლის ბოლოს კი გაიმართება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო განხილვა და მიღება.