თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღეა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
მისი თქმით, სახელმწიფო დაეხმარება ყველა დაზარალებულს, ხოლო დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი – პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.