თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები ეჭვქვეშ აყენებს ევროპის უნარს, დაიცვას საკუთარი ხედვები და ინტერესები, რამაც საერთაშორისო არენაზე შესაძლოა ევროკავშირის როლი დაასუსტოს, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უშიშროების საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
„ევროპელები რისკავენ, რომ საერთაშორისო საქმეებში უფრო ობიექტებად იქცნენ, ვიდრე მოთამაშეებად, რეაგირება მოახდინონ სხვათა გადაწყვეტილებებზე ნაცვლად იმისა, რომ თავად მართონ მოვლენები და ჩამოაყალიბონ ისინი“, — წერს ბორელი საკუთარ ბლოგზე.
ევროპული დიპლომატიის მეთაურის თქმით, ევროპაზე განსაკუთრებით ორი ტენდენცია ახდენს გავლენას: ჩინეთის გააქტიურებაზე მზარდი რეაქციები, რისი კარგი ილუსტრაციაცაა AUKUS-ის ჩამოყალიბება, და ასევე „მრავალპოლარული დინამიკა, რა დროსაც ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან რუსეთი და სხვები, საკუთარი მოქმედებისა და გავლენის ზონის გაფართოებისკენ ისწრაფვიან როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე“; ამასთან ისინი საკმაოდ ხშირად „ევროკავშირის ინტერესებისა და ფასეულობების საზიანოდ მოქმედებენ“, როგორც ეს სირიაში, ლიბიაში, მალისა და სხვა ქვეყნებში გამოჩნდა.
ამასთან დაკავშირებით ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს „ურთიერთნდობის განმტკიცებასა“ და იმ საკითხებზე კონცენტრირებას, რაც მათ აერთიანებს. მისი თქმით, ევროკავშირს საგარეო პოლიტიკურ არენაზე ერთიანი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს და არა ცალკეული სახელმწიფოებისა თუ ჯგუფებისა.
„სწორედ ამისთვის მზადდება ე.წ. „სტრატეგიული კომპასი“, რომელშიც ჩვენი უშიშროებისა და თავდაცვისადმი სტრატეგიული მიდგომები იქნება ჩამოყალიბებული, და რომლითაც ჩვენ 2030 წლამდე ვიხელმძღვანელებთ“, — დაწერა ბორელმა.
ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია მსჯელობს „სტრატეგიულ კომპასზე“ — გაერთიანების საერთო სტრატეგიაზე თავდაცვისა და უშიშროების სფეროში უახლოესი 10 წლის განმავლობაში. დოკუმენტის პროექტი ნოემბერში უნდა იყოს წარმოდგენილი, ხოლო მისი დამტკიცება 2022 წლის მარტშია მოსალოდნელი ევროკავშირის სამიტზე. საერთო სტრატეგია, კერძოდ, მოიაზრებს ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბებას. ჟოზეპ ბორელის თქმით, ავღანეთში მომხდარმა მოვლენებმა ეს დოკუმენტი კიდევ უფრო აქტუალური და აუცილებელი გახადა.