თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში რუსი ადამ ცეჩოევი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
20 წლის შერაზადიშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და მიყოლებით მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს და ყაზახ აიან ბაიგაზის სუფთა გდებებით მოუგო. ნახევარფინალში გიორგიმ უკრაინელი არტიომ ბუბირი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი გავიდა. 90კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა იასპარეზეს და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი ოქროს მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებული, რომელსაც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილი დაესაკუთრა.
დღეს ოქროს მედლისთვის კიდევ ორი ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს შეხვდება, ხოლო მძიმე წონაში საბა ინანეიშვილი გაჩემპიონებას უნგრელ რიხარდ შიპიოცთან დაპირისპირებით ეცდება.
დღესვე იასპარეზებს მეოთხედფინალში დამარცხებული ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში ბრაზილიელ დანიელ ლემეს და სილვას აჯობა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ინანეიშვილთან დამარცხებულ მამარასულოვთან იბრძოლებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის საქართველოს წარმოადგენს 13 ძიუდოისტი - ცხრა ვაჟი და ოთხი გოგონა.