თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და საბერძნეთს შორის დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩს ლიეტუველი არბიტრთა გუნდი მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის დონატას რუსმასი იქნება, მისი ასისტენტები კი ალექსანდრ რადიოსი და დოვიდას სუზიედელისი იქნებიან. მეოთხე, სათადარიგო არბიტრის როლს ლიეტუველი რობერტას სმიტასი მოირგებს. რაც შეეხება ვიდეო-რეფერის (VAR), ეკრანთან ნიდერლანდელი იოჰემ კამპუისი იქნება, მის ასისტენტად კი თანამემამულე ჯოეი კუი იმუშავებს.
საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთ ქულა აქვს მოპოვებული და ის ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნებმა“ ერთადერთი ქულა სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში მოიპოვეს (1:1). რაც შეეხება ბერძნებს, მათ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში არც ერთხელ არ წაუგიათ. საბერძნეთის ნაკრები სამი ფრისა და ერთი გამარჯვების შემდეგ ექვსი ქულით მესამე ადგილს იკავებს.
ბათუმის სტადიონზე შეხვედრას დაახლოებით 7 ათასი გულშემატკივარი დაესწრება, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 33%-ს შეადგენს.
სტადიონზე მისულმა პირებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, ვილი სანიოლის გუნდს ავსტრიული „შტურმის“ შემტევი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდება, საბერძნეთთან წინა შეხვედრებში მიღებული გაფრთხილებების გამო ვერ ითამაშებენ გურამ კაშია (ბრატისლავა, „სლოვანი“) და გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის „დინამო“). მიუხედავად დანაკლისისა, საქართველოს ნაკრებში შესაძლოა პირველად ვიხილოთ ახალგაზრდა ოთხეული, რომელზეც დიდი იმედები მყარდება. ტრავმები მოიშუშა ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ და სათამაშოდ მზადაა. მწყობრში არიან ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანი, „რუბინი“), გიორგი წიტაიშვილი (ოდესა, „ჩერნომორეცი“) და გიორგი მიქაუტაძეც (ბელგია, „სერენი“).
ამ დრომდე ნაკრებები ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრიან, საქართველოს ნაკრებს კი არც ერთი გამარჯვება არ აქვს. გუნდებს შორის აქამდე ორი ფრე დაფიქსირდა, ხოლო ბერძნებმა ექვსჯერ მოიგეს.