როგორია ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

მამაკაცი კორპუსის ნანგრევებში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ის მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ბათუმის ჰოსპიტალ „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია.
„პაციენტს გუშინ მთელი რიგი ანალიზები ჩაუტარდა და დიაგნოსტირდა - გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი. მისი მდგომარეობა შემოყვანიდანვე იყო მძიმე. პაციენტს მოტეხილი აქვს მარცხენა წვივი და აქვს მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა“, - აცხადებს ექიმი ჯემალ გელაშვილი.
ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანის შემდეგ არ დამძიმებულა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
ტრაგედია ბათუმში: მაშველები ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
ამ დროისთვის კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. ასევე, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ორი დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათგან ერთ-ერთი, 36 წლის ინგა მეკეიძე, დღეს დილით გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა.
სახლის ნგრევის ფაქტზე შსს-მ პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავა.