ნინო ლომჯარია უკანონო მშენებლობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიაციატივით გამოვიდა

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კანონმდებლობის და უკანონო მშენებლობების ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - დაწერა ლომჯარიამ თავის Facebook-გვერდზე.
26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლი 70-იან წლებშია აშენებული და იმ დროიდან რამდენჯერმე მოხდა მისი გადაკეთება. თავდაპირველად განხორციელდა ორი სართული დაშენება და ტიპური „ხრუშოვკა“ შვიდსართულიან შენობად იქცა, შემდგომში შენობის გარედან ლიფტი დამონტაჟდა.
ბათუმელმა მამაკაცმა სახლის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ძმა და ორი შვილი დაკარგა
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სართულზე არსებული ფართის მფლობელმა სარდაფის და ბინის ფართების გაერთიანების თხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა, მაგრამ ნახაზების არარსებობის გამო ოფიციალური რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
სასწაული არ მოხდა: ბათუმი ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი 2-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ნანგრევების გაწმენდის და სამაშველო-საძიებო ოპერაციის დასრულების შემდეგ მასშტაბური ტრაგედიის რეალური მიზეზების დასადგენად ექსპერტიზები დაინიშნება.