არჩევნები 2021

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – რა ვითარებაა ადგილზე

ცესკო ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – სამართალდამცველები როგორც შენობის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე იმყოფებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება. მათი თქმით, არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ გახსნეს დალუქული ბიულეტენები.
„ზუგდიდში ხალხმა მოიგო არჩევნები მიუხედავად ყველაფრისა. რაც არ უნდა მოიპარონ და გადაწერონ, ზუგდიდი გამარჯვებულია. მოუწევთ ამ უკანონობაზე პასუხის გაცემა", – განაცხადა პარტია „დროას” თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ.
არჩევნები 2021
საქართველოს ახალი პოლიტიკური რუკა: რა აჩვენა არჩევნებმა
ოპოზიციის ბრალდებებს საოლქო კომისიაში აბსურდულს უწოდებენ.
„ყველა საკითხთან დაკავშირებით მე მივიღე კანონიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ საშუალებას, მედიას ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გააცნოს და მასზე მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.

ცესკო მხარეებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
როგორც ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, ზუგდიდის საოლქო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ, ღამით დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ოთხ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლას ეხებოდა.
არჩევნები 2021
ცესკო: მონაცემები შეიცვალა 121 უბანში
„ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები იქნა წამოყენებული, თითქოს გაბათილებული ბიულეტენები გაიხსნა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩასწორდა და თავიდან დაილუქა“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, რეალურად საოლქო კომისიაში პროცესი – დალუქული კონვერტების გახსნა და გაბათილებული ბიულეტენების დათვლა გამჭვირვალედ განხორციელდა, რასაც ესწრებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ამ დროისათვის პოლიციამ შენობიდან ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოიყვანა.