თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა ელექტროენერგიაზე არ იგეგმება, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) განცხადებაში.
„არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სემეკში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტარიფების ზრდის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. კომისია ვარაუდობს, რომ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართული პროვოკაციაა.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით გაძვირდა და დაახლოებით 26,537 თეთრი შეადგინა დახარჯული ელექტროენერგიიდან გამომდინარე.