თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში ეპიდემილოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი, განაცხადა განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.
როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, კახეთში, საჯარო სკოლებში 4 ოქტომბრიდან ამ დრომდე კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ დამატებით რეგულაციები შევიმუშავეთ, სკოლებს დავურიგეთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, ყოველ ინდივიუუალურ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე მობილობის შესამცირებლად, სკოლას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლება, რათა ამ გზით მოხდეს ვირუსის გავრცელების რისკის შემცირება. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების დიდი უმრავლესობა აუცრელია", - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სოფელ ახაშნისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. დღის განმავლობაში COVID-19 ჯამში 16 მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც კორონავირუსი ორ მოსწავლესა და ერთი მასწავლებელს დაუდასტურდა.
გუშინ თბილისში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში, ხოლო 4 ოქტომბერს სასწავლო დაწესებულებებში განახლდა.