გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი

მაშველები ფრთხილად მუშაობენ, რომ ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დაიღუპონ, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს შუადღისას ჩამოინგრა.
ვახტანგ გომელაური ბათუმში ტრაგედიის ადგილზე იმყოფება და მოვლენებს პირადად აკონტროლებს.
„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
მან აღნიშნა, რომ ნანგრევებში კიდევ დაახლოებით ათი ადამიანია, შეიძლება ორი ან სამი ბავშვი იყოს, მაგრამ ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. მისი თქმით სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ საქმეს. ამასთან, მაშველები ფრთხილობენ, რომ ამ სამუშაოების შესრულებისას ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დაიღუპონ.
კიდევ ერთი გადარჩენილი: ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს
„ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში“, – განაცხადა მინისტრმა.
შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.