დავინახე, ზედა სართულები უკვე მოდიოდა – თვითმხილველი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც წამებში ასწრებს ნგრევის ადგილიდან გამოქცევას.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. შრიალის ხმა გავიგონე, დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა. ამის შესახებ ბათუმში სახლის ჩამონგრევის თვითმხილველმა მურმან ქარცივაძემ „აჭარის ტელევიზიასთან" განაცხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სახლის ჩამონგრევის კადრები, ასევე მამაკაცი, რომელიც წამებში ასწრებს ადგილიდან გამოქცევას. ეს მამაკაცი სწორედ მურმან ქარცივაძეა.
კაცმა რამდენიმე წამით გაასწრო – ვრცელდება ბათუმში კორპუსის ნგრევის ვიდეო
68 წლის მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობს. მან შენიშნა, რომ ტროტუარზე კენჭები ცვიოდა. გადავიდა მანქანიდან და დაინახა, რომ შენობის პირველი სართულის კედლები დაბზარული იყო.
„რამდენიმე წუთში ბათქაშიც ჩამოვარდა, მას მინების მსხვრევის ხმაც მოჰყვა. შრიალის ხმა რომ გავიგონე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა და გამოვიქეცი“, – აცხადებს ქარცივაძე.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, ნგრევა შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
მურმან ქარცივაძის ავტომობილი ნანგრევებში მოჰყვა, მის ავტომობილთან ერთად იქვე მდებარე ოთხი მანქანაც დაზიანდა.
„შემოიყვანეს გულის გაჩერებით“: როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მანამდე კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე შენობის დატვირთვას იწვევდა
შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.