თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან შესულია 1702 საჩივარი, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
აქედან ადგილობრივი დამკვირვებლებისგან შესულია 561 საჩივარი, ხოლო პარტიებისგან - 1141.
ამასთან 852 საჩივარი შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ ახალი კანონმდებლობით, საოლქო კომისიებს საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვთ. ამგვარად, საჩივრების განხილვა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ამის შემდეგ პარტიებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს კომისიების გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 2 დღე ექნებათ. არსებული კანონმდებლობით, სასამართლოები საჩივრების განხილვას ორ დღეში დაასრულებენ. ამგვარად, არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესი 13 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 51,92%-ს შეადგენს.