თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო-2022-ის საქართველო-საბერძნეთის შესარჩევი მატჩის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. მატჩი 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.
საერთო ჯამში გაიყიდა 6,6 ათასი ბილეთი, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 30%-ს შეადგენს. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, მატჩზე სწორედ ამდენი ქომაგი დაიშვება.
სტადიონზე მისულმა პირებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
სტადიონზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია და ატაროს პირბადე.
მსოფლიო-2022-ის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოს ნაკრებსა და კოსოვოს შორის (0:1) ბათუმში ეპიდსიტუაციის გამო მაყურებელი არ ესწრებოდა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის შესარჩევი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.