თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. მიმაჩნია, რომ საჭიროა კვლავაც მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვას, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უშიშროების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„რა თქმა უნდა, საჭიროა კვლავაც დავუჭიროთ მხარი ორ შავიზღვისპირა ქვეყანას − უკრაინასა და საქართველოს. და მხარი დავუჭიროთ არა მხოლოდ მათ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, კერძოდ, ნატოსთან ურთიერთობების საკითხში მათი სწრაფვების ჩათვლით. და ჩვენთვის ეს სწრაფვა კარგადაა ცნობილი“, − აღნიშნა თურქმა მინისტრმა.
მისი თქმით, თურქეთი და პოლონეთი ნატოს მოკავშირე ქვეყნებიდან „სამწუხაროდ, ის მცირე წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველა სამიტზე აყენებენ ამ საკითხს“.
ჩავუშოღლუს თქმით, შავი ზღვის რეგიონი ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია ევროატლანტიკური უშიშროებისთვის და ამიტომ იქ სამხედრო ძალების გაზრდა ნატოს მხრიდან გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვს.
მინისტრმა ცალკე აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგს, თუმცა მოსკოვთან ინტენსიურ კონსტრუქციულ და დიპლომატიურ კონტაქტებს ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ალიანსის წლევანდელ სამიტზე ნატოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლას, თუმცა ინტეგრაციის ვადები არ დაუსახელებიათ.