არჩევნები 2021

ელენე ხოშტარია ხმების გადათვლას 200 უბანზე მოითხოვს

შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შედეგად თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 200-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ხოშტარიას თქმით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა. ის დარწმუნებულია, რომ შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შემდეგ თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
43%–იანი ბარიერი გადალახულია – ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები? ევროპარლამენტარების შეფასება>>
მაგალითად, ერთ-ერთი ოქმის მიხედვით, საარჩევნო უბანზე სულ დარეგისტრირებული იყო 1.719 ამომრჩეველი, მაგრამ გამოცხადდა „1.752“.

200-ზე მეტ უბანზე შევიტანეთ გადათვლის მოთხოვნა. ეს რადიკალურად შეცვლის სურათს არა უბრალოდ ციფრებში, არამედ თბილისში, თბილისის საკრებულოში. ეს დაგვიმტკიცებს, რომ რეალურად საკრებულო ეკუთვნის ოპოზიციას“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ათობით ისეთი ოქმია აღმოჩენილი, სადაც შედეგები ხელით არის გადასწორებული.
„დავიცავთ თითოეულ ხმას“, – განაცხადა ხოშტარიამ.
საეჭვო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოები „დროას“ ლიდერმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
თბილისში პროპორციულ არჩევნებში გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 2,5%-ია.
თბილისის საკრებულო 50 დეპუტატისგან შედგება. არჩევნების შედეგებით, მასში შევიდა ექვსი პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ხალხისთვის“.
არჩევნები 2021
ცესკომ საარჩევნო უბნების 100% დაითვალა - რომელი პარტიები მოხვდნენ საკრებულოში
პროპორციული სიებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 46,74%-ით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%, ხოლო მესამეზე – ექს-პრემიერ გახარიას „საქართველოსთვის – 7,8%.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.