თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები და მხარდამჭერები რამდენიმე უბნის გადათვლას ითხოვენ. მათი განცხადებით, უბნების ნაწილზე იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი იყო მისული.
აქციის მონაწილეებმა ყვირილითა და შეძახილებით გააცილეს ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლის თქმითაც, დარღვევა არ ყოფილა და გადაწერისას ტექნიკური შეცდომა მოხდა.
ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიცია.
ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საოლქო კომისიებში რამდენიმე ასეული საჩივარი შეიტანეს. პარტიები ხმების გადათვლას მოითხოვენ.
ცესკოს მონაცემებით, უკვე გადათვლილია 360 უბნის შედეგები და 121 უბანზე გამოვლინდა უზუსტობები. გადათვლის შედეგად ხმები დაემატა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას.
პარტიების კიდევ ორი პრეტენზია ეხება ბათილ ბიულეტენებს და დისბალანსს ოქმებში - როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვევა მიღებული ხმების რაოდენობას.