საქართველო ცნობილი არაბი ფოტოგრაფების ობიექტივში - ფოტოსესია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის

ფოტოტურის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს, აღნიშნავს თავის Facebook-გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ფოტოგრაფები 10 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ.
პრესტურის მონაწილეები მომზადებულ ფოტო და ვიდეომასალებს როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამოცემებს მიაწვდიან.
საქართველო ბულგარელ ჟურნალისტებს მასპინძლობს
„ჩვენ ვიღებთ ყველაზე ლამაზ ადგილებს და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტ მედიასაშუალებას მივაწვდით ამ მასალას გასავრცელებლად. აღმოვაჩინეთ საოცარი სტუმარმასპინძლობა, რაც მთავარია, დავრწმუნდით, როგორი უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო ტურისტებისთვის. ჩვენ ვიხილეთ, როგორ იცავენ კოვიდპროტოკოლებს აეროპორტში, სასტუმროში, რესტორნებში“, - აცხადებს ფოტოგრაფი ენდი მარტი.
მასალები საქართველოს შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდება და მათ ათიათასობით გამომწერი გაეცნობა. გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცემა, რომელიც ამ მასალებს მარკეტინგულ კამპანიებში გამოიყენებს.
სტუმრები საამიროებიდან საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების, ბუნების, დაცული ტერიტორიებისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს მოამზადებენ.