სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი

საქართველოში მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 ტარდება.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივ მინისტერიალზე რეგიონის უსაფრთხოებასთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წინანდალში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისთვის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს და ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე გამოთქვა.
რა განიხილეს საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა
„შეხვედრებზე განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა მიმართულებებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივით განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
„დღევანდელი შეხვედრები წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნიმუშს. სამმხრივი შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა მოძმე და მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და სამმხრივ ფორმატში გადასადგმელი ნაბიჯები. განვიხილეთ მომავალი პერსპექტივები და ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები საქართველოში მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021-ის ფარგლებში ჩამოვიდნენ. მათ უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 4 ოქტომბერს დაიწყო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
საქართველო წვრთნებში 2019 წლიდან მონაწილეობს.