„სააფთიაქო ნარკომანია“: თბილისსა და ბათუმში 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს

უწყების ცნობით, რეგულირების სააგენტო წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისისა და ბათუმის აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად სექტემბერში თბილისსა და ბათუმში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესები ირღვეოდა. აღნიშნულ აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან სააგენტოს თანამშრომლებმა 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს.
რეგულირების სააგენტოს ცნობით, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას ხუთ აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, ექვს შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის მუშაობის ნებართვის გარეშე.
წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი
აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5.766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება კონფისკაციას დაექვემდებარა.
გარდა ამისა, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევის სამი და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტიც.
უწყების ინფორმაციით, ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.