თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა თავად შეატყობინა პოლიციას მისი მდებარეობის შესახებ და ჩაბარდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით.
ჟურნალისტი ამბობს, რომ სააკაშვილმა პოლიციაში დარეკა და იმ ბინის მისამართი უთხრა, სადაც იმყოფებოდა, შემდეგ კი სამართალდამცველებს მაგიდაზე ხინკლით და ღიმილით დახვდა.
„ამ ზარით გითხრათ სად იყო, იმიტომ რომ ამ გზით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა როგორი ტრუსკავეცებიც ხართ სინამდვილეში. ახლა უყურებთ კამერებში ყველა მისულ ადამიანს იქეთ როგორ ამშვიდებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხუმრობს და იცინის და შოკში ხართ, საკუთარ ილუზიებში დამარცხებულებმა არ იცით საკუთარი ქაქიდან როგორ გამოხვიდეთ“, – წერს ჟორჟოლიანი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.