თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კენჭაძემ სომხეთის წარმომადგენელი არმან ავაგიანი ანგარიშით 10:0 დაამარცხა.
24 წლის კენჭაძისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატზე მოზრდილთა შორის, 2018 წელს მან ახალგაზრდებს შორის (U-23) მსოფლიო პირველობა მოიგო.
ამგვარად. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა ორი მედალი. მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) გახდა.
5 ოქტომბერს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ ერთი მედლის აღების შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ზურაბ იაკობაშვილს (70 კგ-მდე წონითი კატეგორია), რომელიც რეპეშაჟში ნიკოლაე კოჯოკარუ (დიდი ბრიტანეთი)/კარლოს მილაკუეოს (ჩილე) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ იაკობაშვილი ამ ბარიერს გადალახავს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 2 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.