თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგებს Twitter-ის საკუთარ აკაუნტში გამოეხმაურა.
როგორც შარლ მიშელი წერს, ახლა არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კვლავ იყოს ორიენტირებული სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებზე.
„მე ვაფასებ ყველა ქართველს, რომელმაც ხმა მისცა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. ახლა არსებითად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს მოცემულია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში“, - დაწერა მიშელმა.
შარლ მიშელმა პირადად შეასრულა შუამავლის როლი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, და მისი ეგიდით 19 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.
შეთანხმება გულისხმობს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებას, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ოპოზიციის მეტი ჩართულობის მიზნით.
შეთანხმების ხელმოწერიდან სამ თვეში დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატიდან ექვსს მხარი დაუჭირა. დასავლელმა პარტნიორებმა ეს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობების დარღვევად მიიჩნიეს. შეთანხმების თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნა რეფორმის გატარებამდე უნდა გადადებულიყო.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურისთვის ემზადებიან.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური თბილისის ჩათვლით 20 დიდ ქალაქში გაიმართება. დედაქალაქში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება.