თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა დღეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ჰასანოვი საქართველოში სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თავდაცვის უწყებების მინისტერიალის ETERNITY 2021 ფარგლებში იმყოფება.
დოკუმენტის ხელმოწერა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე შედგა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ასევე აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ინტენსივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სამხედროებს შორის პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთთავსებადობის ზრდას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ კოლეგას კახეთში, წინანდალში მასპინძლობს.
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი დღეს წინანდალში ოფიციალურად გაიხსნა.
ორშაბათს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.