თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის საპატიმროში იხდის, სატელეფონო ზარების უფლება ჩამოართვეს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა აგონიაშია.
„საქართველოს პროკურატურამ სამარცხვინო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება ჩამოართვა. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი აგონიაში არიან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ორ საქმეზე დაუსწრებლად განაჩენია გამოტანილი, რაც მისთვის თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენი საქმეები სასამართლო წარმოებაშია.
სააკაშვილს მალე კიდევ ერთ ბრალს წარუდგენენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება, მას სასჯელის ვადის სამშობლოში მოხდა მოუწევს.