თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციაზე უარის თქმით პირდაპირ საბოტაჟს უწყობს საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს, მიაჩნია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს.
„ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს 3 ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს 3 მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 65% იყოს აცრილი.
„საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან, წირავენ სასიკვდილოდ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლების დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის ექიმების და ექთნების წახალისების პროგრამა დაიწყო. ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. საქართველოში მოქალაქეებს ამჟამად არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
5 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 835.645 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 29,3%.