შატილში პირველი თოვლი მოვიდა – სოფლის მიმართულებით გზა ჩაიკეტა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 65-ე და 82-ე კმ მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.
შატილისკენ მიმავალი გზა ნაკლებად სახიფათო გახდება
ამ დროისათვის ინტენსიურად თოვს რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტს რაიმე შეზღუდვების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.
ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზა ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ რეგიონებს შატილთან და ხევსურეთთან აკავშირებს. აღნიშნული გზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა და ზამთარში მთლიანად იკეტება.
შატილი შუა საუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60-ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.