თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
უწყების ინფორმაციით, წელს სწავლების საველე კომპონენტში პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი „დელტას“ (Delta University) მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.
„საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სწავლება Eternity პირველად 2014 წელს ჩატარდა. მსგავსი წვრთნები ბოლოს ბაქოში 2019 წელს გაიმართა. საქართველო სწავლებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.