სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას პროკურორი ლევან ვეფხვაძე ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით ერთი პირი, ელგუჯა ცომაია უკვე დააკავეს. ცომაია იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე იმყოფებოდა.
სასამართლო ელგუჯა ცომაიას საქმის განხილვას იწყებს>>
ცომაიას ბრალდება სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორ ვეფხვაძის თქმით, კიდევ ორი დაკავებული პირის ვინაობა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მოგვიანებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები, რომლებიც ფოთში ცხოვრობენ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.