თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი გახარიას ჰქონდა ორი მიზანი: „ქართული ოცნების“ დაახლოება 43%-იან ნიშნულთან და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან და მეორე - ნიკანორ მელიას მეორე ტურში გაყვანა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ასეთი ვერსია წამოაყენა მმართველი პარტიის ლიდერმა ყოფილი თანამოაზრის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას და მისი პარტიის „საქართველოსთვის“ მისიასთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, გახარიამ ვერ შეასრულა პირველი ამოცანა, მაგრამ გაუმკლავდა მეორე დავალებას.
„მეორე დავალება იყო ნიკანორ მელიას გაყვანა მეორე ტურში. ის გადადგა ნიკანორ მელიასთვის და მას დაევალა შემდგომ ნიკანორ მელიას გაყვანა მეორე ტურში. ეს დავალება სამწუხაროდ წარმატებით შესრულდა, - განაცხადა კობახიძემ.
მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში გახარიას მეორე მიზანი პირველის მსგავსად წარუმატებელი იქნება.
„საბოლოოდ, ეს დავალებები წარუმატებლობისთვის არის განწირული ერთი მარტივი მიზეზის გამო: ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ მყარად გამოუცხადებს ნდობას კახა კალაძეს (თბილისის მერობის კანდიდატს - რედ.) და დაუჭერს მხარს ჩვენს კანდიდატებს 20-ვე მუნიციპალიტეტში (სადაც მეორე ტური გაიმართება - რედ.)... საბოლოო ჯამში, ადამიანები, რომლებიც ასეთი დავალებებით მოქმედებენ, ბუნებრივია ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ საკადრის პასუხს და ეს დავალებებიც საბოლოო ჯამში განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.
თბილისში მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელსაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით აქვს 44,97%, და „ნაცმოძრაობის ლიდერი“ ნიკა მელია 33,98%-ით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, 9,35% მოაგროვა.