თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენები შეაფასა როგორც „ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი“.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. მოსახლეობამ მერები და საკრებულოების დეპუტატები აირჩია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, გახარიას პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. ამ პარტიის მერობის კანდიდატი კი მეორე ტურში ერთ – ცაგერის ოლქში გავიდა. ბესარიონ ბენდელიანის კონკურენტი მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი ნემსაძე იქნება.
ცესკოს წინაწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ჯამში 109 მანდატი აიღო.
გახარიას თქმით, არჩევნებმა არასამართლიან ატმოსფეროში ჩაიარა, ხოლო ე.წ. კარუსელებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მის მომხრეებზე და პარტიის წევრებზე განსაკუთრებით არჩევნების წინ ზოგიერთი ტელევიზიების ეკრანებიდან ზეწოლა, მუქარა და შავი პიარი ხორციელდებოდა.
ყოფილი პრემიერის თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია „მასკარადმა“, რომელიც 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყვეს. „მასკარადის“ ქვეშ მან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება იგულისხმა.
„არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი, ეს მოხდა სიმბოლურად 1 ოქტომბერს და არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე... ეს იყო ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩევლები“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი პარტია იქნება წარმოდგენილი ყველა ქალაქის და რაიონის საკრებულოში და გააგრძელებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას.
„არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს გაუჩნდა ორპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესები, მისი განვითარება, ყველა ჩვენი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, მეორე ტურში ის აქტიურად დაუჭერს მხარს მხოლოდ თავის მაჟორიტარებს, კერძოდ ცაგერის მერობის კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 2021 წლის 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.