ნიკა გვარამია: რა შემთხვევაში შეწყვეტს სააკაშვილი შიმშილობას

სააკაშვილი შიმშილობას მხოლოდ გათავისუფლების შემთხვევაში შეწყვეტს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას მის გათავისუფლებამდე ან გარდაცვალებამდე აპირებს, განაცხადა მისმა თანამოაზრემ და ადვოკატმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხეში მისი მონახულების შემდეგ.
გვარამიას თქმით, სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, არის ძალიან კარგ ხასიათზე და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში როგორც საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე შიმშილობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი აგრძელებს.
ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილი მიმართვაც.
სააკაშვილის თქმით, ის დაბრუნდა საქართველოში, რათა დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.
ის აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს დაწყებულ შიმშილობას.

„არ შევწყვეტ შიმშილობას არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებული. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ის მზად არის თავგანწირვისთვის.
„თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
„მალე ვიქნები საქართველოში“ – სააკაშვილის მეგობარი ქალი ვიდეომიმართვას ავრცელებს
მისი თქმით, მან ექიმების ჩარევაზეც უარი განაცხადა.

„უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე“, – წერს სააკაშვილი.

მიმართვის ბოლოს ის თავის მხარდამჭერებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„გწერთ იმიტომ, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ. ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
გვარამიას თქმით, ასეთი მიმართვის შემდეგ ის ვერ დაიწყებდა მის გადარწმუნებას და შიმშილობის შეწყვეტაზე საუბარს.
გვარამიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ექს-პრეზიდენტს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
საქართველოში უკრაინის კონსულმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდნენ, რათა არეულობის პროვოცირება მოეწყოთ და ამაში ქვეყნის ხელისუფლება დაედანაშაულებინათ.