თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები განიხილა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ჰასანოვი საქართველოში სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თავდაცვის უწყებების მინისტერიალის ETERNITY 2021 ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობაზე სამმხრივ ფორმატში, რომელიც უნიკალურ რეგიონულ მექანიზმს წარმოადგენს და იძლევა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას უმაღლესი თანამდებობის პირთა, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვა უწყებების დონეზე.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.