თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ხელისუფლების „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაბარების პროცესი დაწყებულია, ეს მმართველ გუნდს ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდა ჩაფიქრებული, განაცხადა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გადაბარების გეგმის განხორციელებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც აპირებდა, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართულობით მთავრობას ამის საშუალება არ მიეცა.
„ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია, ჩვენს პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი. ჩვენ წლებია მუდმივად ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაცოცხლებასა და საბოლოო ჯამში ხელისუფლების გადაბარებაში“, – აღნიშნა ინაშვილმა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აღნიშნულ პოლიტიკურ გეგმას უკავშირებს და დარწმუნებით აცხადებს, რომ ის საპატიმროს ვადაზე ადრე, უახლოეს რამდენიმე კვირაში დატოვებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ექვსი წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ ციხიდან. ივანიშვილიც მაქსიმუმ 6-8 თვეში სრულად გადააბარებს ხელისუფლებას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და აქტიურად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ინაშვილმა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.