თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
125 კგ-მდე წონით კატეგორიაში პეტრიაშვილი საფინალო ორთაბრძოლაში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან ანგარიშით 2:9 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ორი ქულა პეტრიაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მოიპოვა, თუმცა დარჩენილი წუთები ირანელი სპორტსმენის სრული უპირატესობით წარიმართა.
გუშინ ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა ავთანდილ კენჭაძეს, რომელიც 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მაგრამ მან მესამე ადგილისთვის ბრძოლა რუს ტიმურ ბიჟოევთან ანგარიშით 6:8 წააგო.
დღეს ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს. ნიკა კენჭაძე, რომელიც 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, რეპეშაჟიდან ამოსულ მოჭიდავეს შეხვდება. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ირაკლი მწითურსაც (92 კგ-მდე წონითი კატეგორია.), რომელიც რეპეშაჟში უკრაინელ ანდრეი ვლასოვს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 2 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.