COVID-19 - ბოლო ცნობები

განათლების მინისტრი პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

რთული ეპიდვითარების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და აკადემიურ საზოგადოებას სწავლის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„პირველკლასელებს მთელი გულით ვულოცავ პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება პირველკასელთა სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას, როგორც მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ის ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.
ჩხენკელის განცხადებით, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა.
ზარი დაირეკა: მოსწავლეები სკოლის მერხებს დაუბრუნდნენ
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 67% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.