დაკავების შემდეგ სააკაშვილთან ადვოკატები პირველად შევიდნენ

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროის განმავლობაში მას ადვოკატები პირველად შეხვდნენ, მიზეზი – პენიტენციურ დაწესებულებაში უქმე დღეები იყო.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატები – დიტო საძაგლიშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი ჩივიაშვილი შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით მათ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ნიკა გვარამიაც შეუერთდება.
1 ოქტომბერს დაკავებულ სააკაშვილთან ადვოკატებმა შესვლა დღეს პირველად მოახერხეს, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განმარტეს, შაბათი-კვირა პენიტენციურ დაწესებულებებში უქმე დღეებია.
ზალკალიანი: სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში პარასკევს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.