თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Censor.net ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილმა უკრაინა კანონმდებლობის დარღვევით დატოვა.
გამოცემის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ბაზაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვება არ ფიქსირდება და, სავარაუდოდ, სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მალე სააკაშვილს კიდევ ერთ ბრალს – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და იგი სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებასა და ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.